სამგზავრო გადაყვანები
ჯგუფების გადაყვანა
ჯგუფების გადაყვანა
ჯგუფურად მგზავრობის მსურველთა საყურადღებოდ!
მგზავრთა ცალკეული ჯგუფების (10 ადამიანი და მეტი) გადაყვანა ხორციელდება განაცხადის საფუძველზე, სადაც მითითებული უნდა იყოს:
- იურიდიული პირის შემთხვევაში – შემკვეთი ორგანიზაციის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი;
- ფიზიკური პირის შემთხვევაში – განმცხადებლის სახელი და გვარი, საკონტაქტო ნომერი;
- გამგზავრების თარიღი/დრო; მატარებლის მიმართულება; ვაგონის კლასის კატეგორია; მოთხოვნილი ადგილების რაოდენობა;
- ანგარიშსწორების ფორმა (ნაღდი, უნაღდო, საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის);
- შემკვეთის ელ. ფოსტა და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
- დანართად ჯგუფის წევრების სია, სადაც მითითებული იქნება თითოეული წევრის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. 10 წლამდე ბავშვის შემთხვევაში, აუცილებელია დაბადების თარიღის მითითება, რათა მასზე გავრცელდეს საბავშვო ტარიფი.
- ჯგუფურად მგზავრობის მსურველებს შეგიძლიათ მარტივად შეავსოთ განაცხადი სს “საქართველოს რკინიგზის“ ვებ-გვერდზე railway.ge განთავსებული შესაბამისი ფორმის მიხედვით (იურიდიული პირის განაცხადი / ფიზიკური პირის განაცხადი იხ. ქვემოთ).
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ იურიდიული პირი აღნიშნულ განაცხადს ავსებს ორგანიზაციის ტიტულიან ფურცელზე, რომელიც დამოწმებულია ორგანიზაციის შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და/ან ბეჭდით. ფიზიკური პირი შევსებულ განაცხადს ამოწმებს პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით. შევსებული განაცხადი, ასევე მგზავრების ჩამონათვალი (სახელი და გვარი, პირადი ნომერი/ან საბუთის ნომერი, შეღავათიანი ბილეთის შემთხვევაში შესაბამისი მონაცემები) იგზავნება შემდეგ მეილზე: GRbooking@railway.ge.
- განაცხადის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, არაუგვიანეს მატარებლის გასვლამდე 20 სამუშაო დღით ადრე. რკინიგზა ასევე იტოვებს უფლებას განიხილოს ის განაცხადები, რომლებიც შემოსულია მატარებლის გასვლამდე 20 სამუშაო დღეზე ნაკლებ პერიოდში. სასურველია განაცხადები შემოტანილ იქნეს გონივრულ ვადაში, რათა შესაძლებელი იყოს მგზავრების უზრუნველყოფა მათთვის მისაღები და სასურველი ადგილებითა და მომსახურებით.
- რკინიგზა ვალდებულია განიხილოს განაცხადი არანაკლებ 2 სამუშაო დღის პერიოდში, თუ ის შემოსულია მატარებლის გასვლამდე 20 სამუშაო დღემდე პერიოდში. განმცახდებელთან კომუნიკაცია (წინასწარი თანხმობა) შედგება განაცხადის მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ კლიენტის ინფორმირება ხდება ბილეთების გაყიდვაში გაშვებიდან 1 სამუშაო დღეში. იმ შემთხვევაში, როცა ბილეთები გაშვებულია გაყიდვაში, განმცხადებელს საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება განაცხადის მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში.
- იმ შემთხვევაში, თუ განაცხადში შევსებული იქნება ყველა აუცილებელი ინფორმაცია, დაიჯავშნება ბილეთები და შემკვეთს მითითებულ ელ.ფოსტაზე გაეგზავნება ინვოისი (უნაღდო ანგარიშწორების შემთხვევაში) ან მიეწოდება შესაბამისი ინფორმაცია (უნაღდო ანგარიშსწორებისას). გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბილეთი შესყიდულად ჩაითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც განმცხადებელი სასურველი გადახდის მეთოდით (საბანკო გადარიცხვით ან ნაღდი ანგარიშსწორებით საბილეთო სალაროებში) გადაიხდის გათვალისწინებულ თანხას დადგენილ ვადებში და გაიფორმებს ბილეთებს.
- დღგ-სგან გათავისუფლებული ორგანიზაციისთვის ბილეთის საფასურს დააკლდება დადგენილი წესით გათვალისწინებული დღგ-ს თანხა. ასეთმა ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს საიდენტიფიკაციო კოდი და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი.
- ჯავშნის საფასური 1 ადგილზე შეადგენს – 5 ლარს, უკან-დასაბრუნებელი ბილეთის მოთხოვნის შემთხვევაში თითო ბილეთს ჯავშნის საფასურთან ერთად ემატება საკომისიო მოსაკრებელი 1 ლარის ოდენობით.
- რკინიგზიდან საბოლოო თანხმობის მიღების დღიდან (ინვოისის გადაგზავნის დღიდან), უნაღდო ანგარიშსწორებისას თანხის გადმორიცხვა და ბილეთების გაფორმება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 5 საბანკო დღისა, ხოლო ნაღდი ანგარიშსწორებისას კი – თანხმობის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. აქ მითითებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, ბილეთების ჯავშანი იხსნება და თავისუფალ გაყიდვაში გადადის.
- ყურადღება მიაქციეთ განაცხადში მითითებული ინფორმაციის სისწორეს, რაც აუცილებელი პირობაა ბილეთების სწორად გაფორმებისა და მგზავრების მატარებელში დასაშვებად.
- ყურადღება მიაქციეთ ელექტრონული ფოსტის სისწორეს, რადგან ამ მისამართზე მოხდება კომუნიკაცია სს „საქართველოს რკინიგზა“-სთან და მისი მხრიდან.
- სასურველი ადგილების არარსებობის ან რეზერვაციისთვის საჭირო განაცხადის არასწორად შევსების შემთხვევაში, ასევე სხვა ფაქტორებთან დაკავშირებით განმცხადებელს დაუკავშირდება კომპანიის თანამშრომელი ტელეფონის ან ელ.ფოსტის მეშვეობით.
- მგზავრობის პირობები:
ბილეთების გაფორმება ხდება თითოეული მგზავრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია 1 მგზავრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე გაფორმდეს არაუმეტეს 8 ბილეთისა. ასევე შესაძლებელია ბილეთების გაფორმება 1 მგზავრის (ჯგუფის ხელმძღვანელი) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საძველზე, რომელიც მგზავრებთან ერთად იმგზავრებს განაცხადში მითითებულ მარშრუტებზე. მატარებელში ჩასხდომისას ჯგუფის წევრებმა უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ ცხელ ხაზს 1331, 2199010 ან მოგვწეროთ მეილზე GRbooking@railway.ge.