დღეს ევროკავშირი - საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა გაიმართა

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების მიზნით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ევროკომისიის ტრანპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი, ჰენრიკ ჰოლოლეი იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში,  28 იანვარს, ჰენრიკ ჰოლოლეისა და სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის დავით ფერაძის შეხვედრა შედგა.

შეხვედრაზე მხარეებმა სს „საქართველოს რკინიგზის“ და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის ევროპა – აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარება და მასთან დაკავშირებული მიღწევები და გამოწვევები.

29 იანვარს ჰენრიკ ჰოლოლეიმ მონაწილეობა მიიღო ტრანსპორტის საკითხებში ევროკავშირი – საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომის მუშაობაში. რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.

„მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რადგან ევროკავშირსა და საქართველოს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად. განვიხილეთ სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესაძლებლობები და ის მიმდინარე პროექტები, რომლებსაც „საქართველოს რკინიგზა“ ამჟამად ახორციელებს. ასევე ვისაუბრეთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში სარკინიგზო სექტორში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სტატუსზე“, – განაცხადა სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ.