თურქმენეთის სახელმწიფო დელეგაცია საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურას გაეცნო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა და საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ თურქმენეთის დელეგაციას, რომელსაც ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოკერგული ატაგულიევი ხელმძღვანელობს, საზღვაო ნავსადგურები და მიმდებარე ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს.
დელეგაციის წევრები „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მუშაობასა და საოპერაციო საქმიანობას ადგილზე გაეცნენ. ასევე იმყოფებოდნენ ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში, რომლის ოპერატორი Pace Group-ია.
დელეგაცია სხვადასხვა ტერმინალის ინფრასტრუქტურას, არსებულ შესაძლებლობებსა და სიმძლავრეებს გაეცნო.
ფოთის შემდეგ სტუმრებმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს, სადაც დაღრმავებით სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი ასრულებს.
თურქმენული მხარე დაინტერესებულია საქართველოს მოქმედი პორტების მიმდებარედ სასაწყობე-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებითა და ამ მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებით.