სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა
სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ პეკინში იმყოფებოდა. სადაც „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მაღალი დონის მე-2 საერთაშორისო ფორუმი გაიმართა.
დელეგაციას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობდა. ქართული მხარე ფორუმზე ჩინეთის მთავრობის მიწვევით გაემგზავრა. ფორუმის მიმდინარეობისას 40 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პირებმა და 150 ქვეყნის 5000-მდე წარმომადგენელმა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ განვითარებისთვის ერთობლივი რეკომენდაციები შიმუშავეს.
ვიზიტისას განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკურ, სავაჭრო და სატრანსპორტო პოტენციალზე და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიდგომებსა და გეგმებზე.
შეხვედრები გაიმართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრთან ლი სიაოპენგთან და ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციის თავმჯდომარესთან ჩენ ფენჯიანთან.
საქართველოს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთობლივი ძალისხმევით, მიღწეულია მნიშვნელოვანი შედეგები, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის არეალის გაფართოებას და ჩინეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ახალ საფეხურზე გადასვლას.