სს „საქართველოს რკინიგზის“ განაცხადი ინტერესთა გამოხატვის თაობაზე
სს ,,საქართველოს რკინიგზა“ აცხადებს ინტერესთა გამოხატვას მგზავრთათვის განკუთვნილი პერიოდული საბორტო ჟურნალის გამოცემაზე და იწვევს დაინტერესებულ კომპანიებს ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მისაღებად.
წინამდებარე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმადაც: „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას”.
ზოგადი აღწერილობა
საქართველოს რკინიგზა ორიენტირებულია მომხმარებელთა ინტერესების დაცვასა და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. ამ მიზნით, კომპანია მიმართავს ყველა საჭირო ზომას, რათა მგზავრთა გადაყვანა სამგზავრო ელექტრომატარებლებით განხორციელდეს ხარისხის უმაღლესი სტანდარტების დაცვით და ასევე, პასუხობდეს თანამედროვე ევროპულ მოთხოვნებს სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში.
სამგზავრო მატარებლებში მგზავრებისთვის საინფორმაციო-შემეცნებითი ჟურნალის შეთავაზება წარმოადგენს მათთვის ეფექტური და ხარისხიანი მომსახურების მიწოდების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც მიმართულია მგზავრებისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნისკენ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რკინიგზა დაინტერესებულია, რომ მატარებლით მგზავრობის პირობების გაუმჯობესების და მგზავრთათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით მოძრავ შემადგენლობებში გავრცელების მიზნით მიიღოს მგზავრთათვის ექსკლუზიურად განკუთვნილი პერიოდული გამოცემა-საინფორმაციო-შემეცნებითი ჟურნალი.
არსებითი პირობები
აღნიშნული ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა გამოსცეს სს „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთათვის ექსკლუზიურად განკუთვნილი საინფორმაციო-შემეცნებითი ჟურნალი. საქართველოს რკინიგზა აღნიშნული საქონლის მიღების სანაცვლოდ, გამარჯვებულ კომპანიას გადასცემს აღნიშნულ ჟურნალში გამოყენების მიზნით მისი ლოგოთი სარგებლობისა და რეკლამის განთავსების უფლებას და ხელს შეუწყობს მგზავრთა შორის ჟურნალის გავრცელებას.
პრეტენდენტმა კომპანიამ წელიწადში 2-ჯერ უნდა გამოსცეს (შინაარსის მომზადება, დიზაინი, ბეჭდვა) მგზავრთათვის ექსკლუზიურად განკუთვნილი საინფორმაციო-შემეცნებითი ჟურნალი (ზაფხულის და ზამთრის ნომერი), თითოეული ნომერი- ტირაჟით 20000 ცალი. ზაფხულის ნომერი უნდა გამოიცეს არაუგვიანეს 2019 წლის 1 აგვისტოსი, ხოლო ზამთრის ნომერი-არაუგვიანეს 2020 წლის 1 თებერვლისა.
ჟურნალი უნდა იყოს არანაკლებ 100 გვერდისა. ჟურნალის თითოეულ ნომერში რკინიგზის ინფორმაციებსა და თემატიკას უნდა დაეთმოს 38 გვერდი, რომელშიც 10 გვერდი განკუთვნილი იქნება ინგლისურენოვანი მკითხველისთვის. რკინიგზისთვის განკუთვნილ გვერდებზე რკინიგზის მოთხოვნის შესაბამისად, განთავსებული იქნება საქართველოს რკინიგზის შესახებ ინფორმაცია და რკინიგზასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ კომპანიასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს, დამკვეთთან შეთანხმებით, ჟურნალის კონცეფციის შემუშავება, სტრუქტურის ჩამოყალიბება და ყველა შესაბამისი ქვეთავისთვის შესაბამისი საავტორო ტექსტების/ინტერვიუების/რეპორტაჟებისთვის საჭირო ტექსტისა და დიზაინის მომზადება, ასევე, ჟურნალის დაბეჭდვა და მიწოდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთათვის რკინიგზის მოძრავ შემადგენლობაზე განთავსების მიზნით.
პრეტენდენტ კომპანიას ექნება ჟურნალის სარეკლამო გვერდების გაყიდვის შესაძლებლობა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირებზე (საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული საქონლის რეკლამირების გათვალისწინებით).
ჟურნალის გამოცემისა და რეკლამის მოზიდვის მიზნით პრეტენდენტ კომპანიას გადაეცემა საქართველოს რკინიგზის ლოგოთი საგებლობის უფლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ინფორმაცია გამოცდილების შესახებ:
ა) პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს, შესაბამის სფეროში, საქართველოს ბაზარზე ოპერირების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
ბ) მომზადებული და გამოცემული (დიზაინის შემუშავება და დაბეჭდვა) უნდა ჰქონდეს მინიმუმ 10 გამოცემა;
გ) უნდა გააჩნდეს რეკლამის მოზიდვის გამოცდილება;
დ) უნდა ჰყავდეს სათანადო კადრები, როგორც ჟურნალის სარედაქციო, ისე გაყიდვების მენეჯმენტის უზრუნველსაყოფად.
შეფასების კრიტერიუმები:
- გამოცდილება და კვალიფიკაცია;
- ანალოგიური პროექტების მართვის გამოცდილება;
- კომერციულად მომგებიანი წინადადების წარდგენა, რაც გულისხმობს ჟურნალის სარეკლამო ფართის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ მაქსიმალურად მომგებიანი წინადადების შეთავაზებას.
გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა მოხდება ამ პროცესისათვის სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ, დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი შემოთავაზებების შეფასების საფუძველზე. დალუქული კონვერტები გაიხსნება და წარმოდგენილი შემოთავაზებები გაეცნობა ყველა მონაწილე მხარეს.
გამოქვეყნებული ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება არ ავალდებულებს სს „საქართველოს რკინიგზას“ გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დაინტერესებულ კომპანიებთან. რკინიგზა იტოვებს უფლებას, საკუთარი მოსაზრებით ნებისმიერ მომენტში შეწყვიტოს ან შეცვალოს პროცედურა, გამორიცხოს ნებისმიერი მხარე პროცედურიდან ან უარი თქვას გამოხატულ ინტერესებზე ყოველგვარი ვალდებულების გარეშე.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ წინამდებარე განაცხადის შესაბამისად მომზადებული შემოთავაზება 2019 წლის 22 მარტის 18:00 სთ–მდე, დალუქულ კონვერტებში სს „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ „მგზავრთა გადაყვანა“-ს ადმინისტრაციულ შენობაში (ქ. თბილისი, ვაგზლის მოედანი №2, 0112, თბილისი, საქართველო).
საკონტაქტო პირი: თამარ დეკანოიძე 595-71-21-21, ელ-ფოსტა: Tamar.Dekanoidze@railway.ge.