სს „საქართველოს რკინიგზის“ დელეგაცია მიწოდების ჯაჭვის მართვის შესახებ კონფერენციას დაესწრო

16-17 მაისს,  პოლონეთში, ქალქ ვარშავაში  „მიწოდების ჯაჭვის მართვის პროფესიონალთა საბჭოს“ (CSCMP) ორგანიზებით, მიწოდების ჯაჭვის მართვის შესახებ კონფერენცია გიამართა. პოლონურ კონგლომერატ „PKP Group-ის“ მოწვევით, ღონისძიებას ესწრებოდა  „საქართველოს რკინიგზის“ დელეგაცია.

კონფერენციის ფარგლებში შედგა რამდენიმე სადისკუსიო პანელი, რომელთა შორის, აღსანიშნავია „PKP Group-ის“ ორგანიზებით გამართული პანელი  „ლოჯისტიკის მიწოდების ჯაჭვი ახალ აბრეშუმის გზაზე“, რომლის მოდერატორი გახლდათ  PKP LHS Sp-ის საბჭოს წარმომადგენელი- ვოიჩიეჩ გრზეშიოკი.

სადისკუსიო პანელის ფარგლებში,  მონაწილეებმა განიხილეს მულტიმოდალური დერეფნების  “სარტყელი და გზა” გამოწვევები და მისი პოტენციური განვითარების მიმართულებები.

„საქართველოს რკინიგზის“ ბიზნესის განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეთევან ხუნდაძემ, თავისი მოხსენების ფარგლებში, ხაზი გაუსვა  „შუა დერეფნის“ სტრატეგიულ მნიშვნელობას საქართველოსთვის და შავ ზღვაზე პირდაპირი საკონტეინერო გემების კავშირის არსებობის აუცილებლობას, რომელიც გაზრდის ტვირთნაკადს და ხელს შეუწყობს „შუა დერეფნის“ განვითარებას. ამასთან, ღონისძიების ყველა მონაწილემ აღნიშნა დასავლეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებით ტვირთნაკადის დაბალანსების კუთხით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა.

პანელზე დამსწრეთა შორის იყვნენ „ჩინეთის სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვების“ გენერალური მენეჯერის მოადგილე-ჟონ ჩენგი, „DB Cargo Eurasia-ს“ აღმასრულებელი დირექტორი  უვე ლოიშნერი, „KTZ Express-ის“ გენერალური დირექტორის მოადგილე  მანარბეკ ტულაგენოვი და „უკრაინის რკინიგზის“ ოპერაციული დირექტორი  ვიაჩესლავ ჟერემინი.