საქართველოს დელეგაციის ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, უზბეკეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაურმა თანმხლებ პირებთან ერთად, ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები გამართა უზბეკეთის მთავრობის ხელმძღვანელებთან და სხვადასხვა ოფიციალურ პირებთან.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკასა და სხვადასხვა სფეროში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას.
პრემიერ- მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნის ლოგისტიკური ცენტრის როლის გასაძლიერებლად საქართველო მონაწილეობს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობისა და რეკონსტრუქციის და შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატრანსპორტო მარშრუტის პროექტებში.
საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, საქართველოსა და უზბეკეთს შორის ტვირთბრუნვის მაჩვენებელი , უკანასკნელი ორი წლის შედეგებს ბევრად აღემატება და არსებობს მოლოდინი, რომ 2022 წლის ბოლოს ეს რიცხვი გაორმაგდება.
შეხვედრებზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს, როგორც სატრანზიტო შესაძლებლობების მქონე ქვეყნის მიმართ დაინტერესება ძალიან გაზრდილია და ამ მხრივ უზბეკეთთან თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს.