საქართველოს რკინიგზისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ქართული დელეგაცია ვარშავაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საქართველოს პოლონეთთან დაძმობილების პროექტის ((Twinning project))-„საქართველოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს დაახლოების მხარდაჭერა ევროკავშირის კანონმდებლობასთან სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში“ ფარგლებში, საქართველოს რკინიგზისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ქართული დელეგაცია 20-24 ივნისს (2022) ვარშავაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა.
ქართულ მხარეს პოლონეთის რესპუბლიკის სხვადასხვა მნიშვნელოვანი უწყების მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცა. კერძოდ, პოლონეთის ინფრასტრუქტურის სამინისტრო/სარკინიგზო ავარიებისა და ინციდენტების მოკვლევის სახელმწიფო კომისია; შინაგან საქმეთა და ადმინისტრირების სამინისტრო; განვითარების ფონდებისა და რეგიონალური პოლიტიკის სამინისტრო; ევროკავშირის სატრანსპორტო პროექტების ცენტრი; პოლონეთის ეროვნული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მართვის კომპანია; PKP ჯგუფის (სარკინიგზო ჰოლდინგი) დედა კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია სადგურების მართვაზე; PKP ჰოლდინგში შემავალი სამგზავრო ოპერატორი კომპანია; კომპანია WKD, რომელიც ერთდროულად წარმოადგენს, როგორც სარკინიგზო ოპერატორს, ისე, ინფრასტრუქტურის მენეჯერს.
ქართულმა დელეგაციამ თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება მიიღო, ძირითად სარკინიგზო საკითხებთან დაკავშირებით. მათ შორის, სარკინიგზო სექტორში მოქმედი სამინისტროების ძირითადი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების შესახებ; ევროკავშირის, პოლონეთის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მართვის შესახებ; პოლონეთის ინფრასტრუქტურის მენეჯერისა სარკინიგზო ოპერატორების ფუნქციონირების შესახებ. ქართული დელეგაცია ასევე ეწვია მოძრაობის მართვის ცენტრს; მშენებლობის ფაზაში მყოფ ვარშავის დასავლეთ სადგურს; სარკინიგზო სადგურების უსაფრთხოების ცენტრს; ალსტომის (Alstom) ტექნიკური მოვლა-შენახვის დეპოს; EP09 ელექტრო ლოკომოტივის სიმულატორს.