საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები სოფელ ღვერკსა და ხემაღალში იმყოფებოდნენ

საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის ფილიალის   მენეჯერები,  გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ღვერკსა და ხემაღალში იმყოფებოდნენ, სადაც გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებისა და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები სისტემატურად ატარებენ მონიტორინგსა და შესაბამის საველე კვლევებს.

სპეციალისტების შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ამ ეტაპზე  მდინარის დონე სტაბილურია, გამტარი არხი  შეუფერხებლად ფუნქციონირებს და წყლის მასა არ ქმნის მომეტებულ საფრთხეს, მათ შორის — რკინიგზის ინფრასტრუქტურისთვის.

გეოგრაფიული მდებარეობის გამო, საუღელტეხილო  ხაზი,  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ჩათვლით, რთული სარკინიგზო მონაკვეთია, სადაც საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში საჭირო სამუშაოები უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვით, წინასწარ შემუშავებული პროექტის მიხედვით, საინჟინრო კვლევების საფუძველზე, ავსტრიულ-გერმანული საერთაშორისო კონსორციუმის ზედამხედველობით განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, უღელტეხილის მონაკვეთზე აშენდა სრულიად ახალი სარკინიგზო  ინფრასტრუქტურა, მათ შორის, რეგიონში ყველაზე დიდი, 8300-მეტრიანი ორმილიანი გვირაბი, ასევე 90 კილომეტრი ახალი ლიანდაგი, 10 ხიდი,  6 გვირაბი, 100 სხვადასხვა ტიპის ნაგებობა და მოდერნიზებული ქვესადგურები; დამონტაჟდა უსაფრთხოების, სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების უახლესი სისტემები.

სამუშაოები  შესრულდა დადგენილი სტანდარტით და მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მიერ.