საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა და აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარემ სარკინიგზო სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანთან ერთად, აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარეს როვშან რუსტამოვს შეხვდა. მხარეებმა სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით თანამშრომლობენ ,,შუა დერეფნის” კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით. განსაკუთრებული აქცენტი ბაქო- თბილისი-ყარსის რკინიგზის ოფიციალურ ამოქმედებასა და მისი მეშვეობით ტვირთბრუნვის ზრდის შესაძლებლობებზე გაკეთდა. აღინიშნა, რომ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზზე საქართველოს რკინიგზა სატვირთო გადაზიდვებს ექსკლუზიურად განახორციელებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ შეთანხმება საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზებს შორის მნიშვნელოვანი ფაქტია ქვეყნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა და რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობისათვის, რადგან გაიზრდება კონკურენტუნარიანობა და გაძლიერდება საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ, შპს BTKI Railways – ის გენერალურ დირექტორებთან ლევან კანკავასა და მიქაელ აბასოვთან ერთად ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც BTKI Railways -ი ამ მონაკვეთზე საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდვების ექსკლუზიური წარმოების უფლებას უზრუნველყოფს.