საქართველოს რკინიგზის განცხადება

დღეს, 2019 წლის 4 ოქტომბერს მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს „საქართველოს რკინიგზა“ გაკოტრების პირასაა, გაცნობებთ, რომ ბოლო წლებში დადებითი ტენდენციები და დინამიკაა რკინიგზაში როგორც ტვირთბრუნვის, ასევე შემოსავლების თვალსაზრისით.

2019 წლის პირველ ნახევარში „საქართველოს რკინიგზის“ ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები გაიზარდა 32 მილიონი ლარით, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით მეტია. შედეგად 2019 წლის ნახევრის EBITDA-მ შეადგინა 103 მილიონი ლარი. 2018 წლის პირველი ნახევრის ანალოგიური მონაცემი 78 მილიონი ლარი იყო. EBITDA მარჟა კი 39.3%-იდან 44.8%-მდე გაიზარდა.
„საქართვლოს რკინიგზამ“ აჩვენა გაუმჯობესებული საოპერაციო მაჩვენებლები. სატვირთო გადაზიდვები გაიზარდა 1,2%-ით, ხოლო ტვირთბრუნვა 5%-ით. რამაც სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი 2019 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 31 (27%) მილიონი ლარით გაზარდა. სამგზავრო გადაყვანებიდან მიღებული შემოსავლები გაიზარდა 20%-ით.

ჯგუფის ლიკვიდური პოზიცია მყარია. ჯგუფის ანგარიშზე 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 246 მილიონი ლარი ირიცხებოდა, რაც 5 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ორგანიზაციის წმინდა სასესხო ვალდებულებამ 30 ივნისისთვის 1,172 მილიონი ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ბოლო წლებში ზარალის მაჩვენებლებს – ასეულობით მილიონიანი ზარალი გამოწვეულია თბილისის შემოვლითი რკინიგზის აქტივების გაუფასურებით, რაც თავისთავად წარმოადგენდა არა სარკინიგზო, არამედ ურბანულ პროექტს და მისი ინიცირება ყოველგვარი წინასწარი მიზანშეწონილობის გარეშე მოხდა 2010 წელს.
ხოლო უკანასკნელ წლებში ტვირთის შემცირება ძირითადად გამოწვეულია ნედლი ნავთობის მილსადენში გადამისამართებით, რამაც მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა ტვირთის გადაზიდვის სტრუქტურაში.

კომპანიამ IFRS სტანდარტის შესაბამისად მოახდინა გაუფასურების დაანგარიშება, რა დროსაც იხელმძღვანელა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტვირთბრუნვის შემცირებით. ამან კი თავის მხრივ, გამოიწვია ძირითადი საშუალებების საბუღალტრო ღირებულების დაკორექტირების აუცილებლობა. ძირითადი საშუალებების დაკორექტირება/გაუფასურება თავისთავად არაფულადი დანახარჯია და არ იწვევს ფულადი სახსრების შემცირებას.

ამ ფაქტორების გათვალისწინების გარეშე, კომპანია 2018 წელს 24.4 მლნ. ლარის წმინდა მოგებით დაასრულებდა, მაშინ როცა იგივე მაჩვენებელმა 2017 წელს 15.1 მლნ. ლარი შეადგინა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიუხედავად სირთულეებისა, 2018 წელს კომპანიამ მოახერხა საოპერციო მარჟის 40%-ზე ზემოთ შენარჩუნება, რაც ინდუსტრიაში ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია.

რაც შეეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ „საქართველოს რკინიგზის“ შემოწმების საკითხს, სასამართლოს მიერ განიმარტა „სახელმიწფო აუდიტის შესახებ“ კანონში არსებული ბუნდოვანი ნორმა და შესაბამისად სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და რკინიგზას შორის არანაირი სადავო საკითხი აღარ არსებობს.
კომპანიის პოზიციაა, ღიად და გამჭირვალედ წარმართოს ყველა პროცესი. შესაბამისად, წლიური ფინანსური აუდიტის ანგარიშები ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.