საქართველოს რკინიგზის 500 მლნ მწვანე ბონდებზე მოთხოვნამ 4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა. ახალი ობლიგაციებით საქართველოს რკინიგზამ 2012 წლის ივლისში გამოშვებული ევროობლიგაციების რეფინანსირება მოახდინა, რომლის საპროცენტო განაკვეთი 7.75% იყო. ამ ტრანზაქციით კომპანიამ საპროცენტო ხარჯების კუთხით მნიშვნელოვანი შეღავათი მიიღო, კერძოდ საქართველოს რკინიგზა საპროცენტო სარგებლის სახით ყოველწლიურად დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ნაცვლად, 20 მილიონ დოლარს გადაიხდის. დაზოგილი თანხა კი კომპანიას კიდევ უფრო გააძლიერებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებს მწვანე სტატუსი მიენიჭა. ეს კი კავკასიის რეგიონში პირველი პრეცენდენტია, როდესაც სატრანსპორტო ორგანიზაციამ მსგავსი ტიპის ფასიანი ქაღალდი გამოუშვა. ტრანზაქციაში საკმაოდ მაღალი იყო ინვესტორების ინტერესი.
🔹 საქართველოს რკინიგზის არსებული გუნდის თავდაუზოგავი შრომის შედეგად, მოხდა ისეთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მოზიდვა, როგორებიც არიან ADB (აზიის განვითარების ბანკი) და EBRD (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი), რომლებმაც ახალ ემისიაში ინვესტორების როლი შეასრულეს. ობლიგაციების შეფასების დღეს მოთხოვნამ ნომინალურ ოდენობას 8-ჯერ გადააჭარბა.
საქართველოს რკინიგზა მადლობას უხდის ტრანზაქციაში ჩართულ ყველა მხარეს, მათ შორის TBC კაპიტალსა და Galt&Taggart-ს. კომპანიისთვის ტრანზაქციაში ქართული ბანკების ჩართულობა საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. ასევე JP morgan-ს Citi-ს და Renaissance Capital-სა და ყველა ინვესტორს. აქვე აღსანიშნავია, რომ ტრანზაქციას იურიდიულ მხარდაჭერას Dechert Linklaters (ლონდონი) და MG LAW, BLC (ადგილობრივი) უწევდნენ.