საქართველოს რკინიგზაში ტრენინგ კურსი „გენდერული თანასწორობა და თანაბარი შესაძლებლობები“ ჩატარდა
საქართველოს რკინიგზაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საგრანტო მხარდაჭერითა და საკონსულტაციო კომპანია AeTs-ის აქტიური ჩართულობით, ტრენინგ კურსი „გენდერული თანასწორობა და თანაბარი შესაძლებლობები“ ჩატარდა.
ტრენინგის ფარგლებში დასაქმებულები კომპანიაში მიმდინარე დასაქმების, პროფესიული და კარიერული განვითარებისათვის თანაბარი შესაძლებლობების გაფართოების პოლიტიკას გაეცნენ. კერძოდ, განხილული იყო შემდეგი საკითხები: სარკინიგზო ინდუსტრიაში ქალთა როლის გაძლიერება, სამუშაო გარემოს გაუმჯობესება და დისკრიმინაციის ყველა შესაძლო ფორმის პრევენცია, გენდერული თანასწორობისა და დასაქმებულთა მხრიდან სანდოობისა და ლოიალურობის გაზრდა.
ტრენინგების ორგანიზება მთელი საქართველოს მასშტაბით არის დაგეგმილი, რომლის მიზანია კომპანიაში გენდერის მიმართულებით ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და პროცედურების შესახებ ცნობადობის ამაღლება. ამ დროისათვის 15 ტრენინგ-შეხვედრა უკვე გაიმართა, რომელსაც საქართველოს რკინიგზის დაახლოებით 300 დასაქმებული დაესწრო.