„საქართველოს რკინიგზა“ წლის საუკეთესო ბიზნესპარტნიორად დასახელდა
„საქართველოს რკინიგზა“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018-ის გამარჯვებული, წლის საუკეთესო ბიზნესპარტნიორის ნომინაციაში გახდა. პროფესიული განათლების კვირეული დასრულდა. გამარჯვებულები ოთხ კატეგორიაში გამოვლინდნენ:
წლის პროფესიული განათლების სტუდენტი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი,წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება და წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი.
„ჩვენთვის დიდი პატივია გვერქვას – წლის პროფესიული განათლების ბიზნესპარტნიორები და ასევე უმნიშვნელოვანესია საქმე, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ხელშეწყობით გავაკეთეთ. საქართველოს რკინიგზა სრულად იზიარებს სახელმწიფო პოლიტიკას პროფესიული განათლების უდიდესი მნიშვნელობის შესახებ, სწორედ აღნიშნულის ფარგლებში დავაარსეთ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი. კოლეჯში შემუშავებულია და ისწავლება 8 ახალი სასწავლო პროგრამა და მისი მეშვეობით საქართველოში ინერგება დუალური სწავლების მეთოდი, რაც გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლას. მოგეხსენებათ საქართველოს რკინიგზა არის ქვეყნის ერთ–ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი და ძალიან გვეამაყება რომ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სარკინიგზო კოლეჯი საქართველოს რკინიგზას პროფესიულ კადრებს მოუმზადებს,“ – აღნიშნა სს “საქართველოს რკინიგზის” კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ჯორბენაძემ.
დაჯილდოების ცერემონიას ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული პირები ესწრებოდნენ. „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზება, ქვეყანაში პროფესიული სასწავლებლების, მასწავლებლების, სტუდენტებისა და ბიზნეს პარტნიორების წარმატების ისტორიების წარმოჩენით.
„“საქართველოს რკინიგზამ“ ძალიან დიდი ინვესტიცია გაიღო, სატრანსპორტო კოლეჯის რეაბილიტაციისთვის, ხოლო ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა გაიღო დაფინანსება იმისათვის რომ აღეჭურვა ეს კოლეჯი, რათა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების პროგრამების შეთავაზება შეძლოს ამ კოლეჯმა დღეს საქართველოში. გამარჯვებულები გამოავლინა ჟიურიმ და ისინი გაემგზავრებიან გერმანიაში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სასწავლო პროგრამაში. ისინი ასევე დაესწრებიან ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო გამოფენას. იმედი გვაქვს მსგავსი პროექტები კიდევ უფრო ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას საქართველოში,“ – აღნიშნა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.
პროფესიული განათლების კვირეულის ფარგლებში, რკინიგზის სატრანსპორტო კოლეჯში, ღია კარის დღე გაიმართა. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლობა პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, სიმულატორებს, ტექნიკურ აღჭურვილობას და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინიციატივაა, რომელიც ხორციელდება პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში და დაფინანსებულია აშშ-ს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ.