"საქართველოს რკინიგზა" მდგრადი განვითარების მიზნების გამოფენაში (SDG Fair) მონაწილეობდა
25 ოქტომბერს, ბათუმში, მდგრადი განვითარების მიზნების გამოფენა (SDG Fair) გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სს,,საქართველოს რკინიგზამ“ მიიღო. რკინიგზა სოციალური პასუხისმგებლობის სამი მიმართულებით – ადამიანური კაპიტალით, ჯანმრთელობაზე ზრუნვითა და ეკოლოგიით წარსდგა გამოფენის მონაწილეების წინაშე. აღსანიშნავია, რომ ადამიანური კაპიტალის განვითრების, ანუ განათლების მიმართულებით რკინიგზა რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა რეგიონალური განათლების პროექტი, რომლის ფარგლებში რკინიგზელების შვილები და შვილიშვილები მისაღები ეროვნული გამოცდებისათვის ინგლისურ ენასა და უნარებში უსასყიდლოდ ემზადებიან. ასევე კომპანია იზიარებს სახელმწიფო პოლიტიკას პროფესიული განათლების მხარდაჭრის მიმართულებით. ამ მიზნით, დააარსა სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი, სადაც დუალური სწავლების მეთოდით, ანუ სწავლებაზე დაფუძნებული პრაქტიკით, საერთაშორისო შრომის ბაზრის გამოწვევების შესაბამის პროფესიონალ კადრებს ამზადებს.
საქართველოს რკინიგზაში მუდმივად მიმდინარეობს თანამშრომელთა ლოიალურობის ამაღლებისა და მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამების შემუშავების პროცესი. რაც შეეხება ჯანმრთელობაზე ზრუნვას – კომპანიის თითოეული თანამშრომელი და მათი ოჯახის წევრები დაზღვეულია. სხვადასხვა სამედიცინო შემთხვევების დროს კი, რკინიგზელებს კომპანიის სრული ფინანსური მხარდაჭერა აქვთ. ასევე, საქართველოს რკინიგზის პრიორიტეტი ეკოლოგიაზე ზრუნვაა. კომპანიას აქვს საკუთრი სანერგე მეურნეობა, სადაც სხვადასხვა ჯიშის ხეების გამოყვანა და მოვლა-პატრონობა ხდება. პერმანენტული გამწვანებითი აქციების ფარგლებში, რკინიგზელები და მათი ოჯახის წევრები მარადმწვანე ნერგებს ლიანდაგის გასწვრივ და ქალაქის სხვადასხვა ლოკაციებზე რგავენ. ასევე ტარდება დასუფთავების აქციებიც.
ბათუმში გამართული მდგრადი განვითარების მიზნების გამოფენის (SDG Fair) პარალელურად გაიმართა დისკუსიები, სადაც საუბარი ბიზნესის ჩართულობასა და მულტისექტორული თანამშრომლობის მნიშვნელობას შეეხო. გამოფენას, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭრით ჩატარდა, აჭარის ა/რ მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.