სამტრედია - საჯავახოს სარკინიგზო მონაკვეთზე ლიანდაგისა და საკონტაქტო ხაზის კაპიტალური მშენებლობის და შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს
მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, სამტრედია – საჯავახოს სარკინიგზო გადასარბენის შვიდ კილომეტრიან მონაკვეთზე ლიანდაგისა და საკონტაქტო ხაზის კაპიტალური მშენებლობის და შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. კაპიტალური შეკეთების პერიოდში წარმოებს ლიანდაგის დაგება ახალი ევროპული სტანდარტის ,,პანდროლის,, ტიპის რკინაბეტონის შპალებზე და ახალ რ-65 ტიპის რელსებზე.
აღნიშნული გადასარბენი დაგებულია ძველი ,,კბ,,-ტიპის სამაგრისებიან (რუსული მოდიფიკაციის) რკინაბეტონის შპალებზე, ამ უბანზე მატარებელთა მოძრაობის სიჩქარე დღეისათვის შეადგენს სამგზავრო მატარებლებისათვის 80კმ/სთ, ხოლო სათვირთო მატარებლებისათვის 60-კმ/სთ-ს. ლიანდაგის ბოლო კაპიტალური შეკეთება ჩატარებულია დაახლოებით 35 წლის წინ, რის გამოც გართულებულია არსებული სიჩქარის შენარჩუნება და საბოლოოდ მნიშვნელოვნად გაზრდილია ლიანდაგის მიმდინარე მოვლა შენახვის ხარჯები.
ასევე მნიშვნელოვანია ჩასატარებელი სამუშაოები, სადაც სალიანდაგო და ელმომარაგების მუშაკების მიერ იწარმოებს მრუდის რადიუსის გაზრდის მიზნით, 650 მეტრი ლიანდაგისა და საკონტაქტო ხაზის ახალ საპროექტო ღერძზე მოწყობა და მშენებლობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება მოძრაობის სიჩქარე სამგზავრო მატარებლებისათვის 120კმ/სთ. გაიზარდოს, ხოლო სატვირთოსათვის 80 კმ/სთ-მდე. შესაბამისად მაქსიმალურად იქნება დაცული მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოებაც.