ქობულეთის ვაგზლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

,,საქართველოს რკინიგზამ“ ქობულეთის  ვაგზლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შეიცვალა  სახურავი, საწვიმარი ღარი და წყალსარინი სისტემა. ვაგზლის ტერიტორიაზე გამოცვალა ელექტროსადენები და დამონტაჟდა ახალი LED  სანათები. ასევე შეცვლილია ბაქანზე არსებული დაზიანებული ფილები.

,,საქართველოს რკინიგზა“ ეტაპობრივად ახორციელებს მის საკუთრებაში მყოფი სადურებისა და ბაქნების ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ქობულეთის სადგურში დასრულდა გადახურვის სამუშაოები.  განხორციელდა ღებვითი სამუშაოები. გამოიცვალა ელექტროსადენები, რომლებიც ავარიულ მდგომარეობაში იყო. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენმა მგზავრებმა კომფორტულად იგრძნონ თავი როგორც მატარებლებში, ასევე იმ ადგილებში, სადაც მათ უწევთ ჩამოსვლა,“ – განაცხადა ფილიალ ,,მგზავრთა  გადაყვანის’ დირექტორის კონსულტანტმა, კახა ცეცხლაძემ.  მისი თქმით, საქართველოს რკინიგზა განაგრძობს მსგავსი მიმართულებით მუშაობას და ყველა სადგურზე, რომელიც საჭიროებს რეაბილიტაციას, შესაბამის სამუშაოებს განახორციელებს.

ქობულეთის ვაგზლის გადახურვისა და ბაქნის სარემონტო სამუშაოები ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. რკინიგზის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ადგილობრივმა კომპანიამ გაიმარჯვა. მშენებლობისას თითქმის 20 ადამიანი იყო დასაქმებული. ,,საქართველოს რკინიგზას“ სადგურის რეაბილიტაცია 48 000 ლარი დაუჯდა.