Fitch Rating-მა საქართველოს რკინიგზას საპროგნოზო რეიტინგი „სტაბილურიდან“ „პოზიტიურზე“ გაუუმჯობესა
22 ნოემბერს სარეიტინგო სააგენტო “Fitch”-მა დაადასტურა სს „საქართველოს რკინიგზის“ რეიტინგი „B+“ და ამასთანავე გააუმჯობესა საპროგნოზო მოლოდინები რეიტინგთან მიმართებაში „სტაბილურიდან“ „პოზიტიურზე“, რაც მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია საქართველოს სუვერენული რეიტინგის პროგნოზების გაუმჯობესებით.
““Fitch“-ის პროგნოზებით 2018 წლის განმავლობაში რკინიზგის საოპერაციო მაჩვენებლები დასტაბილურდა, რაც ნიშნავს, რომ შემოსავლების ვარდნა აღარ იქნება, ხოლო 3-5 წლის განმავლობაში მათი გაუმჯობესება არის ნავარაუდები. საკუთარ დასკვნაში “Fitch“-ი ასევე აღნიშნავს, რომ 2018 წლის განმავლობაში რკინიგზას გაუჩნდება თავისუფალი სახსრების კომფორტული ლიმიტი” – აცხადებს „საქართველოს რკინიგზის“ კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსი ნინო ჯორბენაძე.
“Fitch”-ის მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, “საქართველოს რკინიგზა” სახელმწიფოს ირიბ საკუთრებაში არსებული მონოპოლიური, ინტეგრირებული სარკინიგზო კომპანიაა, რომლის აქტივებსაც განკარგავს „საპარტნიორო ფონდი“ (რეიტინგი: BB-/პოზიტივი). რელიზის შესაბამისად, “Fitch”-ი საშუალოვადიან პერსპექტივაში არ ელოდება კომპანიის სამართლებრივი სტატუსის ცვლილებას. ამავე დროს, რელიზში აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი აქვს ვალდებულება სარკინიგზო კომპანიის სტრუქტურის რეორგანიზაციის შესახებ 2022 წლიდან. ევროკავშირის სტანდარტებით რეორგანიზაცია გულისმობს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მენეჯერის გამიჯვნას სარკინიგზო ოპერატორებისგან ერთიანი ჰოლდინგური სტრუქტურის ფარგლებში.
“Fitch”-ის რელიზში ასევე აქცენტირებულია „საქართველოს რკინიგზის“ მნიშვნელობა ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალისა და მეზობელ ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების განვითარების მიმართულებით. აღნიშნულია, რომ „საქართველოს რკინიგზა“, აზერბაიჯანის რკინიგზასთან ერთად, „ევროპა-კავკასია-აზიის“ სატრანსპორტო დერეფნის საკვანძო სეგმენტს წარმოადგენს.
Fitch – ის რელიზის შესაბამისად, საქართველოს რკინიგზაზე შესაძლებელია ტვირთბრუნვის ზრდა, რაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის მატების გამო მეზობელი სახელმწიფოების გააქტიურებამ უნდა უზრუნველყოს.
“საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ხელაია Fitch Ratings-ის მიერ გამოქვეყნებულ განახლებულ შეფასებას, რომლითაც “საქართველოს რკინიგზას” რეიტინგი გაეზარდა ცალსახად დადებითად აფასებს.
გიორგი ხელაიას თქმით, ქვეყნის რეიტინგის ზრდა პოზიტიურად აისახა Fitch Rating-ის ექსპერტების გადაწყვეტილებაზე.
„ჩვენი შეფასებით ეს დასკვნა და მთლიანობაში ის საექსპერტო გადაწყვეტილებები, რაც Fitch Rating-ით არის განსაზღვრული ძალიან პოზიტიურ გავლენას იქონიებს, როგორც ქვეყნის იმიჯზე, ასევე “საქართველოს რკინიგზაზე” როგორც მნიშვნელოვან სახელმწიფო ორგანიზაციაზე, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელია საქართველოს ბიუჯეტში და წარმოადგენს საკვანძო არტერიას ამიერკავკასიაში”, -აცხადებს გიორგი ხელაია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის განცხადებით, Fitch-ი შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “საქართველოს რკინიგზა” ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო სეგმენტია.
„საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა და აღნიშნული ფუნქციის გაძლიერებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება და მოდერნიზება. სწორედ ამ მიზნით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთ პროექტებს, როგორიცაა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მაგისტრალის განვითარების პროექტები. ისინი, ტრანსპორტის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ სხვა პროექტებთან ერთად (ანაკლია, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ლოგისტიკური ცენტრების განვითარება, ფოთის და ბათუმის პორტების გაფართოება, ა.შ.), ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებას,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა.
ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი დავით კიკვიძე Fitch-ის მიერ “საქართველოს რკინიგზას“ საპროგნოზო რეიტინგში გაუმჯობესებას ეხმაურება. როგორც ექსპერტი აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ ქართული კომპანია ხსენებული ორგანიზაციის რეიტინგში მოხვდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია როცა ასეთი ტიპის ორგანიზაცია ქართულ კომპანიებს ზოგადად აფასებს და ეს შეფასება პოზიტიურია. Fitch-ის შეფასება მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, სტატუსის აღიარების თვალსაზრისით, ასევე თვითონ კომპანიისთვის. უახლოესი ორი-სამი წლის საპროგნოზო მაჩვენებლის გაუმჯობესება უფრო მეტი ინვესტორის მოზიდვის შესაძლებლობას ნიშნავს, რაც როგორც ქვეყნისთვის ასევე თავად „საქართველოს რკინიგზის“ განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საწინდარია“, – აცხადებს დავით კიკვიძე.