სს „საქართველოს რკინიგზის“ განაცხადი ინტერესთა გამოხატვის თაობაზე (საბორტო ჟურნალი))

მგზავრთა გადაყვანა

სს „საქართველოს რკინიგზის“ განაცხადი ინტერესთა გამოხატვის თაობაზე

სს “საქართველოს რკინიგზა“ აცხადებს ინტერესთა გამოხატვას მგზავრთათვის განკუთვნილი პერიოდული საბორტო ჟურნალის გამოცემაზე და იწვევს დაინტერესებულ კომპანიებს ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მისაღებად.

წინამდებარე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმადაც: „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას”.

 

ზოგადი აღწერილობა

 

საქართველოს რკინიგზა ორიენტირებულია მომხმარებელთა ინტერესების დაცვასა და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. ამ მიზნით, კომპანია მიმართავს ყველა საჭირო ზომას, რათა მგზავრთა გადაყვანა სამგზავრო ელექტრომატარებლებით განხორციელდეს ხარისხის უმაღლესი სტანდარტების დაცვით და ასევე, პასუხობდეს თანამედროვე ევროპულ მოთხოვნებს სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში.

სამგზავრო მატარებლებში მგზავრებისთვის საინფორმაციო-შემეცნებითი ჟურნალის შეთავაზება, ასევე მონიტორებზე შემეცნებით–გასართობი შინაარსის მასალების განთავსება წარმოადგენს მათთვის ეფექტური და ხარისხიანი მომსახურების მიწოდების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც მიმართულია მგზავრებისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნისკენ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რკინიგზა დაინტერესებულია, რომ მატარებლით მგზავრობის პირობების გაუმჯობესების და მგზავრთათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით მოძრავ შემადგენლობებში გავრცელების მიზნით მიიღოს მგზავრთათვის ექსკლუზიურად განკუთვნილი პერიოდული გამოცემა-საინფორმაციო-შემეცნებითი ჟურნალი როგორც ბეჭდურ, ისე ციფრულ ფორმატში, ასევე შემეცნებით–გასართობი ქონთენთი „შტადლერის“ ტიპის მატარებლების მონიტორებზე განთავსების მიზნით.

 

არსებითი პირობები

 

აღნიშნული ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების დადებიდან 3 წლის განმავლობაში უნდა გამოსცეს სს „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთათვის ექსკლუზიურად განკუთვნილი საინფორმაციო-შემეცნებითი ჟურნალი, როგორც ციფრული/ელექტრონული, ასევე ბეჭდური სახით. საქართველოს რკინიგზა აღნიშნული საქონლის მიღების სანაცვლოდ, გამარჯვებულ კომპანიას გადასცემს აღნიშნულ ჟურნალში გამოყენების მიზნით მისი ლოგოთი სარგებლობისა და რეკლამის განთავსების უფლებას და ხელს შეუწყობს მგზავრთა შორის ჟურნალის გავრცელებას.

პრეტენდენტმა კომპანიამ წელიწადში 2-ჯერ უნდა გამოსცეს (შინაარსის მომზადება, დიზაინი, ბეჭდვა) მგზავრთათვის ექსკლუზიურად განკუთვნილი საინფორმაციო-შემეცნებითი ჟურნალი (ზაფხულის და ზამთრის ნომერი), ქვეყანაში ეპიდსიტუაციის დარეგულირებისა და ბეჭდური ფორმით ჟურნალ-გაზეთების სამგზავრო მატარებელში დაშვებიდან თითოეული ნომერი – ტირაჟით 10 000 ცალი.

ჟურნალის თითოეულ ნომერში, დასაწყის ნაწილში, რკინიგზის ინფორმაციებსა და თემატიკას უნდა დაეთმოს  30 გვერდი, ასევე  დამატებით 10 გვერდი  განკუთვნილი  უნდა იყოს  ინგლისურენოვანი მკითხველისთვის. ზემოაღნიშნული 30 გვერდიდან გარკვეულ ნაწილზე, რკინიგზის მოთხოვნის შესაბამისად, განთავსდება  რკინიგზასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ კომპანიასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს, დამკვეთთან შეთანხმებით, ჟურნალის როგორც ციფრული, ისე ბეჭდური ვერსიების კონცეფციის შემუშავება, სტრუქტურის ჩამოყალიბება და ყველა შესაბამისი ქვეთავისთვის შესაბამისი საავტორო ტექსტების/ინტერვიუების/რეპორტაჟებისთვის საჭირო ტექსტისა და დიზაინის მომზადება, ასევე,  ჟურნალის დაბეჭდვა და მიწოდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთათვის რკინიგზის მოძრავ შემადგენლობაზე განთავსების მიზნით (შესაბამისი შემზღუდავი რეგულაციების მოხსნიდან მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ვადებში.).

ასევე პრეტენდენტმა უნდა მოამზადოს „შტადლერის“ ტიპის სამგზავრო მატარებლებში განთავსებული მონიტორებისთვის შემეცნებით–გასართობი და სარეკლამო შინაარსის მასალები (ქონთენთი უნდა  შეიცავდეს სიუჟეტებს საქართველოს ისტორიის, კულტურის, რელიგიის, ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ. ასევე სასურველია გამოყენებული იქნას სუბტიტრები). სს „საქართველოს რკინიგზის“ თემატიკასა და რკინიგზასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ კომპანიასთან დაკავშირებულ ინფორმაციას დაეთმობა წინასწარ შეთანხმებული დრო. მომზადებული ქონთენთი,  განთავსებამდე უნდა შეთანხმდეს სს „საქართველოს რკინიგზასთან“. ამასთან სს „საქართველოს რკინიგზა“ უფლებამოსილი იქნება ნებისმიერი ახალი კონტრაქტორის სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს ქონთენთის ცვლილება მსგავსი კონტრაქტორის შესახებ ინფორმაციის დამატების მიზნით. ქონთენთის განახლება უნდა განხორციელდეს არანაკლებ წელიწადში ერთხელ.

პრეტენდენტ კომპანიას ექნება ჟურნალის სარეკლამო გვერდების გაყიდვის შესაძლებლობა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირებზე (საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული საქონლის რეკლამირების გათვალისწინებით).

ჟურნალის გამოცემისა და რეკლამის მოზიდვის მიზნით პრეტენდენტ კომპანიას გადაეცემა საქართველოს რკინიგზის ლოგოთი საგებლობის უფლება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

ინფორმაცია გამოცდილების შესახებ:

ა) პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს, შესაბამის სფეროში, საქართველოს ბაზარზე ოპერირების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება დღეის მდგომარეობით;

ბ) მომზადებული და გამოცემული (დიზაინის შემუშავება და დაბეჭდვა) უნდა ჰქონდეს 2020 წლის განმავლობაში – მინიმუმ 1 გამოცემა, ხოლო ჯამში – 10 გამოცემა მაინც;

გ) უნდა გააჩნდეს რეკლამის მოზიდვის გამოცდილება;

დ) უნდა ჰყავდეს სათანადო კადრები, როგორც ჟურნალის სარედაქციო, ისე გაყიდვების მენეჯმენტის უზრუნველსაყოფად.

 

 

შეფასების კრიტერიუმები:

 

  1. გამოცდილება და კვალიფიკაცია;
  2. ანალოგიური პროექტების მართვის გამოცდილება;
  3. კომერციულად მომგებიანი წინადადების წარდგენა (მინიმალური ღირებულება პირველი წლისათვის არანაკლებ 30 000 ლარისა, დღგ-ს ჩათვლით. საბოლოოდ დაფიქსირებული ფასი ყოველი მომდევნო წლისათვის გაიზრდება 10%-ის ოდენობით)

 

გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა მოხდება ამ პროცესისათვის სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ, დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი შემოთავაზებების შეფასების საფუძველზე. დალუქული კონვერტები გაიხსნება და წარმოდგენილი შემოთავაზებები გაეცნობა ყველა მონაწილე მხარეს. კონვერტების გახსნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა კომისია დეტალურად შეაფასებს წარმოდგენილ მასალას და გამოავლენს გამარჯვებულ პირს წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით.

გამოქვეყნებული ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება არ ავალდებულებს სს „საქართველოს რკინიგზას“ გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დაინტერესებულ კომპანიებთან. რკინიგზა იტოვებს უფლებას, საკუთარი მოსაზრებით ნებისმიერ მომენტში შეწყვიტოს ან შეცვალოს პროცედურა, გამორიცხოს ნებისმიერი მხარე პროცედურიდან ან უარი თქვას გამოხატულ ინტერესებზე ყოველგვარი ვალდებულების გარეშე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ წინამდებარე განაცხადის შესაბამისად მომზადებული შემოთავაზება 2020 წლის 7 აგვისტოს 18:00 სთმდე, დალუქულ კონვერტებში სს „საქართველოს რკინიგზა“-ს ფილიალ „მგზავრთა გადაყვანა“-ს ადმინისტრაციულ შენობაში (ქ. თბილისი, ვაგზლის მოედანი №2, 0112, თბილისი, საქართველო).

 

საკონტაქტო პირი: თამარ დეკანოიძე 595-71-21-21,

ელფოსტა: Tamar.Dekanoidze@railway.ge.