"ბიბლუსის" და "საქართველოს რკინიგზის" ერთობლივი პროექტი - მგზავრებს მატარებლებში განახლებული ბიბლიოთეკა დახვდებათ

“საქართველოს რკინიგზის“ მგზავრებს, საშუალება ექნებათ, „ბიბლუსის“ მიერ, როგორც ქართულ ასევე უცხოურ ენაზე განახლებული ლიტერატურული ბიბლიოთეკით ისარგებლონ.
სამგზავრო მატარებლებში ბიბლიოთეკები უკვე რამდენიმე წელია  წარმატებით ფუნქციონირებს და წიგნის პოპულარიზაციას  უწყობს ხელს.
 „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანის დირექტორმა  დაჩი ცაგურიამ მადლობა გადაუხადა „ბიბლუსს“ იმისთვის, რომ „საქართველოს რკინიგზის“ მატარებლის ბიბლიოთეკა ახალი, მრავალფეროვანი ლიტერატურით შეივსო.
 „მატარებელში ბიბლიოთეკის გაკეთების მთავარი ამოცანა და მიზანი იყო, რომ მატარებელში და ზოგადად, ტრანსპორტში,  უფრო აქტიურად დაგვენერგა  კითხვის კულტურა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გამომცემლებს, რომლებიც ჩაერთნენ ამ პროექტში. „ბიბლუსმა“ დღეს  ძალიან კარგი წიგნები გადმოგვცა. ისეთი, მატარებელში წასაკითხად რომ ზედგამოჭრილია. ყველას ვთხოვ, რომ გადავდოთ გაჯეტები, კომპიუტერები, ტელეფონები და ხელში ავიღოთ წიგნები, რომლებიც უკვე მატარებელშია“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ მარკეტინგის მენეჯერის, ზურა კვირიკაშვილის განცხადებით, „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრებისთვის ყველანაირი ჟანრის წიგნია შერჩეული  და შესაძლებელია  თითოეული მგზავრის გემოვნება დაკმაყოფილდეს. „ლიტერატურა არის ძალიან მრავალფეროვანი, მათ შორის არის საბავშვო ლიტერატურა, მხატვრული ლიტერატურა, ფენტეზი და აბსოლუტურად ყველა ჟანრი არის მოცემული ამ ბიბლიოთეკაში.  წიგნის კითხვის პოპულარიზაცია „ბიბლუსის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია და სწორედ წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით ვესტუმრეთ დღეს „საქართველოს რკინიგზას“, სადაც ბიბლიოთეკა განვაახლეთ სრულიად ახალი ლიტერატურით. ეს პროექტი რამდენიმე წელია ხორციელდება. მნიშვნელოვანია, რომ მატარებელში მყოფი მგზავრებისთვის ყოველთვის განახლდეს ლიტერატურა. „ბიბლუსმაც“ სწორედ ეს მიზანი შეასრულა დღეს – მგზავრებისთვის მაქსიმალურად განაახლა ბიბლიოთეკა ახალი ლიტერატურით და „საქართველოს რკინიგზით“ მგზავრობისას შესაძლებელია  უახლესი ლიტერატურის წაკითხვა.  მგზავრები კმაყოფილები იყვნენ იმით, რომ ბათუმისკენ მგზავრობა  ახალი ლიტერატურით დაიწყეს“, – აღნიშნა  ზურა კვირიკაშვილმა