აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი ანაკლიის პორტის პროექტს გაეცნო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორთან ერთად ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს, პიტერ ანდრეოლის გააცნო.
ამერიკულმა დელეგაციამ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ალან პერსელთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები, რომელსაც ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ (Jan De Nul) ახორციელებს. საზღვაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, განხილვის საგანი იყო სარკინიგზო სექტორი. ქართული მხარის განმარტებით, რკინიგზა შუა დერეფნის კრიტიკულ რგოლს წარმოადგენს.
ლაშა აბაშიძემ ამერიკულ მხარეს დეტალურად გააცნო როგორ უნდა განვითარედეს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურში სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. მიმოიხილა პროექტი, რომელიც დამუშავების ეტაპზეა.
საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ კომპანიაში მიმდინარე სავაგონო და სალოკომოტივო პარკების გაჯანსაღება ერთგვარი მზადებაა ანაკლიის ნავსადგურის ამოქმედებისათვის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს რკინიგზას გაზრდილი ტვირთნაკადის სწრაფად და უსაფრთხოდ გადაზიდვაში.
ქართული მხარის განმარტებით, აღნიშნული პროექტები ერთობლიობაში ქმნის მულტიმოდალურ სატრანსპორტო სისტემას და უზრუნველყოფს დერეფნის გამტარუნარიანობისა და ოპერაციული ეფექტიანობის მნიშვნელოვან ზრდას.