საქართველოს რკინიგზამ პროფესიული დღესასწაული აღნიშნა

საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებს პროფესიულ დღე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მიულოცეს.

როგორც საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ აღნიშნა, პირველი იანვრიდან სარკინიგზო ხაზზე მომუშავე ყველა თანამშრომელს ხელფასი 20%-ით მოემატება. ეს არის ყველაზე მაღალი მატება, რაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში ყოფილა.

საქართველოს რკინიგზა განახლების ეტაპზეა.  წლის ბოლომდე კომპანია ჯამში 400 ერთეულ სატვირთო ვაგონს შეისყიდის. აქედან 100 უკვე საქარგველოშია, რომლებიც კომპანიამ საუკეთესო პირობებით, შუამავალი კომპანიების გარეშე პირდაპირ მწარმოებელი ქარხნისგან შეიძინა.  ვაგონების გარდა, მიმდინარეობს 50 ახალი ლოკომოტივისა და 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვის პროცედურები.

აქტიურად მიმდინარეობს ანაკლიის პორტში მისასვლელი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები. პროექტირება უკვე დასრულდა და ელექტრონული საბაზრო კვლევა გამოცხადდა. ანაკლიაში სრულიად ახალი და თანამედროვე სარკინიგზო ინფრასტრუქტურა აშენდება.

სიახლეებია სამგზავრო მიმართულებით. მიმდინარეობს ბორჯომ-ბაკურიანის ე.წ. კუკუშკის შემადგენლობის განახლება და იქ არსებული ინფრასტრუქტურის გაჯანსაღება. პარალელურად  უკვე დასრულდა ქობულეთის, ურეკისა და ზესტაფონის სადგურების რეაბილიტაცია.

უახლოეს პერიოდში დამთავრდება ფოთის, სამტრედიისა და ლანჩხუთის სადგურების რეაბილიტაციაც. გეგმაშია ასევე გორის, ქუთაისის, ოზურგეთის, ნატანებისა და ხობის სადგურების განახლება და ახალციხის სადგურის აშენება. უახლოეს მომავალში არსებულ რეისებს თბილისი-ახალციხე-თბილისის რეისი დაემატება, სადაც მგზავრობის დრო 3 საათი იქნება.

ღონისძიების ფარგლებში ,,საპატიო რკინიგზელები“  საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დააჯილდოვა და მათ ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და რკინიგზის თანამშრომლები ესწრებოდნენ.