თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტი

სს „საქართველოს რკინიგზა“ ინჟინერ-კონსულტანტთა საერთაშორისო ფედერაციის ყვითელი წიგნით (FIDIC Yellow Book) დადგენილი ფორმისა და წესების შესაბამისად, ახორციელებს თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს, რომლის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია − შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ (შემდგომში „კონტრაქტორი“), 2011 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობას ახორციელებს აგრეთვე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია – ILF-ისა და DB International-ის კონსორციუმი.

თბილისი–მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ძირითადი მიზნებია:

მოძრავი შემადგენლობის უსაფრთხოების გაზრდა;

სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობის გაზრდა;

მგზავრობის დროის შემცირება;

აღნიშნული მიზნების მისაღწევად, პროექტის ფარგლებში, განხორციელდა არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ნაწილობრივი მოდერნიზაცია. მთავარ ხაზზე განახლდა და კაპიტალურად შეკეთდა სარკინიგზო ლიანდაგი, ელექტრომომარაგების სისტემები, სარკინიგზო ნაგებობები, ხიდები და გზაგამტარები.

სამშენებლო სამუშაოები პირობითად ორ ნაწილადაა დაყოფილი. ერთ ნაწილს, რომელიც მოიცავს სარკინიგზო ლიანდაგისა და ელექტრომომარაგების სისტემების განახლებას, რკინიგზა ასრულებს საკუთარი ძალებით. აღნიშნული ტერიტორია მოიცავს თბილისი-ხაშურისა და ზესტაფონი-ბათუმი-ფოთს. რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომელიც ითვალისწინებს ახალი სარკინიგზო მიწის ვაკისის, სარკინიგზო გვირაბების, სარკინიგზო ხიდებისა და სხვა რთული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობას (უღელტეხილის მონაკვეთზე), რკინიგზა ახორციელებს „კონტრაქტორის“ (ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო) მეშვეობით.

პროექტის ძირითადი მახასიათებლებია:

სამშენებლო სიგრძე

  • ახალი სარკინიგზო მონაკვეთი – 38 კმ.
  • არსებული სარკინიგზო ხაზის რეკონსტრუქცია – 23 კმ

მაქსიმალური ქანობი: 17,5 % ნაცვლად არსებული 29 %-ისა

მრუდების საქსიმალური რადიუსი – 400 მეტრი, ნაცვლად არსებული 200 მეტრისა.

ამჟამად, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ძირითადი ხელოვნური ნაგებობებიდან დასრულებულია:

მე-10, მე-11 და მე-12 გვირაბების მშენებლობა ზესტაფონი-ხარაგაულის მონაკვეთზე;

დასრულებულია მოლითი-ქვიშხეთის მონაკვეთზე გათვალისწინებული მე-7 და მე-8 გვირაბის გაყვანითი სამუშაოები;

დასრულდა საქართველოში ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბის (მე-9 გვირაბი – 8.33 კმ) გაყვანითი სამუშაოები.

ამჟამად, პროექტის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს ხარაგაული-ზესტაფონის უბანზე, ორივე ლიანდაგზე მიწის ვაკისის განახლებისა და ლიანდაგის ახალ საპროექტო ნიშნულზე დაგების სამუშაოები. შორაპანი-ძირულას გადასარბენზე (კმ 2324+700 − კმ2325+320;) და (კმ 2325+580 − კმ 2327+338.8) ლიანდაგების პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია.

ასევე, პროექტის ფარგლებში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვა საინჟინრო ნაგებობების მშენებლობა, როგორებიცაა ხიდები, შემაკავებელი კედლები, წყალგამტარები და სხვა. ჯამურად, 2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით, კონტრაქტორის მიერ დასრულებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების 86%.