მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე მოძრაობას 27 თებერვლიდან განაახლებენ

სამ თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს. მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე მოძრაობას 27 თებერვლიდან დაიწყებენ. კომპანია მოძრაობას შემდეგ რეისებზე აღადგენს: თბილისი-ბათუმი-თბილისი; თბილისი-ზუგდიდი-თბილისი; თბილისი-ოზურგეთი-თბილისი; თბილისი-ფოთი-თბილისი და თბილისი-ქუთაისი-თბილისი. ბილეთების გაყიდვა ონლაინ დღეიდან დაიწყება, ხოლო რკინიგზის სალაროები ხვალიდან, კერძოდ 26 თებერვლიდან გაიხსნება.

მატარებლების განახლებულ განრიგს საქართველოს რკინიგზა უახლოეს საათებში საკუთარ ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელში განათავსებს. რაც შეეხება კოვიდ 19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ  დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის  დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში  არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს.