კომპანიის შესახებ
მისია, ხედვა რკინიგზის ისტორიასტრუქტურასამეთვალყურეო საბჭომენეჯმენტიდირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაფორუმი 
 
რკინიგზის ისტორია

საქართველოს რკინიგზა ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც უმოკლესი გზით ევროპას ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს.

ორი კონტინენტის ერთმანეთთან დაკავშირების იდეა ჯერ კიდევ XIX საუკუნის 30-იან წლებში გაჩნდა. ამიერკავკასიის სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველო პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. შავი და კასპიის ზღვების დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 1865 წელს დაიწყო. პირველმა მატარებელმა, რომელიც დამზადებული იყო საფრანგეთში ,,ბონეფონდის” ქარხანაში(Ch. Bonnefond pres Paris), 1871 წელს გაიარა რკინიგზის მონაკვეთი ფოთი-ყვირილა (ამჟამად ზესტაფონი), ხოლო 1872 წლის 10 ოქტომბერს თბილისიდან ფოთში პირველი მატარებელი ჩავიდა. სწორედ ეს თარიღი ითვლება საქართველოს რკინიგზის ,,დაბადების დღედ”.

საქართველოს რკინიგზის მშენებლობა ჩქარი ტემპებით ხორციელდებოდა. იგება რკინიგზის მონაკვეთები: რიონი - ქუთაისი (1887 წ.), სამტრედია - ბათუმი (1883 წ.), რიონი - ტყიბული (1887 წ.) და ზესტაფონი - ჭიათურა (1895 წ.). წიფის ორლიანდაგიანი გვირაბის მშენებლობა, რომელიც დღესაც ერთ-ერთ უნიკალურ ნაგებობათა რიცხვს განეკუთვნება, 1890 წლის 16 სექტემბერს დასრულდა.

ამიერკავკასიაში რკინიგზის მშენებლობაში განსაკუთრებული წვლილი საქართველოს გამოჩენილმა საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ შეიტანა. ფოთი-თბილისის რკინიგზის მშენებლობის პროცესში შეტანილი წვლილისათვის ნიკო ნიკოლაძე რკინიგზელის ,,ოქროს სამკერდე ნიშნით” დაჯილდოვდა.

საქართველოს რკინიგზის მშენებლობის მეორე ეტაპს განეკუთვნება სარკინიგზო ხაზი თბილისი - ბაქო, რომელიც ასევე ევრაზიის დერეფნის ნაწილი იყო. რკინიგზის ხაზი თბილისი - ბაქო ექსპლუატაციაში 1883 წელს შევიდა. ამ ფაქტმა საფუძველი ჩაუყარა ბათუმის პორტიდან შავი ზღვის გავლით, აზერბაიჯანული ნავთობის მსოფლიო ბაზარზე გატანას. 1899 წელს გაიხსნა რკინიგზის ხაზი, რომელიც საქართველოს და სომხეთთან აკავშირებდა.

ბორჯომის ხეობა, საკურორტო პირობებითა და მთელ მსოფლიოში განთქმული მინერალური წყლით ,,ბორჯომი”, ყოველთვის წარმოადგენდა განსაკუთრებულ ინტერესს. ბორჯომის ბუნებრივი სიმდიდრის კომერციული სარგებლის მიზნით რომანოვებმა ხაშური - ბორჯომის რკინიგზის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყეს. ახალი ხაზი ექსპლუატაციაში 1894 წელს შევიდა.

ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო და რთული კლიმატური პირობების გამო, ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდა. 1902 წლის იანვრიდან ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ხაზით ბორჯომი - ბაკურიანი, პირველმა ,,კუკუშკა” მატარებელმა გაიარა. ,,კუკუშკა” დღემდე ემსახურება სათხილამურო სპორტის მოყვარულებსა და ტურისტებს. მაღალმთიან რაიონებში კურსირებისათვის სპციალურად ინგლისიდან იქნა ჩამოყვანილი ,,პორტერის” ტიპის ორთქლმავალი. მატარებელს ებმოდა ღია ტიპის ვაგონები, რომლებიც მხოლოდ მოაჯირებით იყო შემორაგული. 1967 წლიდან პატარა ორთქლმავალი ელექტრომატარებელმა ჩაანაცვლა.

ხიდი, რომელიც წაღვერს ცემთან ბორჯომი - ბაკურიანის რკინიგზით აკავშირებს, რომანოვმა სპეციალურად შეუკვეთა საფრანგეთში. ფრანგი ხიდმშენის ალექსანდრ გუსტავ ეიფელის მიერ კონსტრუირებული ხიდი საქართველოში 1902 წელს ჩამოიტანეს და მდინარე ცემისწყალზე ააგეს.

კახეთის რკინიგზის ხაზის მშენებლობა 1915 წელს დასრულდა. ამ მონაკვეთის აშენებამ განვითარების საშუალება მისცა იმ რაიონებს, რომლებიც მსოფლიოში ცნობილ ღვინოებს აწარმოებენ: ,,მუკუზანი”, ,,წინანდალი”, ,,რქაწითელი”, ,,მანავის მწვანე” და სხვ.

1923 წელს,,ფერლის” სერიის ელექტრომატარებლები ,,E”და ,,CУ” სერიის ორთქლმავლებმა ჩაანაცვლეს.

სურამის უღელტეხილის ელექტრიფიკაციის შედეგად, ექსპლუატაციაში შევიდა ფირმა ,,ჯენერალ ელექტრიკის”,,С-10” სერიის ელექტრომატარებელი.

1932 წელს ხაშურში პირველი ელდეპო აშენდა. სწორედ ამ დეპოში გაიარა შემოწმება ,,ВЛ-19” სერიის პირველმა საბჭოთა ელექტრომატარებელმა. ამჟამად პირველი ელექტრომატარებელი ხაშურის სადგურში დგას კვარცხლბეკზე.

საქართველოს რკინიგზის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თარიღს წარმოადგენს 1932 წლის 16 აგვისტო. ამ დღეს სურამის უღელტეხილზე პირველმა ელექტრომატარებელმა გაიარა. ამ მომენტიდან რკინიგზა ეტაპობრივად ელექტრიფიკაციაზე გადადის. 1967 წლის ნოემბერში საქართველოს რკინიგზის ყველა მონაკვეთზე, მათ შორის ვიწრილიანდაგიან ბორჯომი-ბაკურიანის ხაზზე, ელექტრიფიკაციის პროცესი დასრულდა.

1974 წლიდან რკინიგზაზე ჩნდება ახალი, თანამდეროვე ,,ВЛ-10” და ,,ВЛ-11” სერიის ელექტრომატარებლები, რომლებიც თბილისის ელექტროვაგონმშენებელ ქარხანაში იყო დამზადებული.

ქვეყნის მრეწველობის წამყვანი დარგებისა და სოფლის მეურნეობის ისეთი დარგების, როგორიცაა მებაღეობა, მეღვინეობა, ციტრუსისა და ჩაის კულტურების განვითარებასთან ერთად, დაიწყო რკინიგზის ახალიხაზების მშენებლობა: ნატანები - ოზურგეთი (1924 წ.), ბროწეულა- წყალტუბო (1935 წ.), სენაკი - ინგირი - გალი (1930 წ.), გალი - ოჩამჩირე - სოხუმი (1938 წ.), გორი - ცხინვალი (1940 წ.).

რკინიგზის ხაზის სოხუმი - ადლერის მშენებლობამ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყო, საქართველოს რკინიგზა რუსეთის სარკინიგზო ქსელთან დააკავშირა. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა 1949 წელს დასრულდა. 1986 წლის 31 დეკემბერს დასრულდა მარაბდა - ახალქალაქის რკინიგზის ხაზის მშენებლობა.

1946 - 1949 წ.წ. სატელეფონო ხაზის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის განვითარების პერიოდია. პრაქტიკაში შემოდის ავტომატური ბლოკირების, ისრების ცენტრალიზაციის, მატარებლის და მაგისტრალური რადიოკავშირი.

საქართველოს რთულმა გეოგრაფიულმა რელიეფმა მრავალი ხელოვნური საინჟინრო ნაგებობის მშენებლობა განაპირობა, რომელთა რიცხვი 3700 აღემატება. საქართველოს რკინიგზის საერთო სიგრძე 2344, 2 კილომეტრია.
 
2012 წლის 12 აპრილს შპს ”საქართველოს რკინიგზა” გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად.
 
 
Copyright © 2014 Georgian Railway. All Rights Reserved.