|
16 დეკემბერს სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-მა შპს საქართველოს რკინიგზის საკრედიტო რეიტინგი გაზარდა B+ პოზიტიურიდან BB- სტაბილურამდე. საკრედიტო რეიტინგის ზრდა ადასტურებს კომპანიის მეტ გადახდისუნარიანობას, მის შესაძლობლობას მოემსახუროს აღებულ ვალდებულებებს. აღნიშნული გაუმჯობესება, რომელიც მოხდა პარალელურად ქვეყნის რეიტინგის ზრდისა, უკეთეს პირობებს ქმნის იმისთვის, რომ მეტი და უფრო ხელსაყრელი კაპიტალის შემოდინება მოხდეს როგორც რკინიგზაში, ასევე ქვეყანაში მოქმედიკომპანიებისათვის.
რაც შეეხება შპს საქართველოს რკინიგზის მიმდინარე ფინანსურ მდგომარეობას, 9 თვის შედეგების მიხედვით ასე გამოიყურება:
1) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემოსავლები 20,2%-ით გაიზარდა 298.7 მილიონი ლარიდან 359 მილიონ ლარამდე;
2) შემოსავლების ზრდის ფონზე მოხდა საოპერაციო ხარჯების შემცირება 2,2%-ით 244,9 მილიონი ლარიდან 239.6 მილიონ ლარამდე;
3) მოგების ერთერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი EBITDA (მოგება ცვეთამდე, საპროცენტო ხარჯამდე და გადასახადებამდე) გაიზარდა 30%-ით 152 მილიონიდან 197,6 მილიონ ლარამდე;
4) ხოლო მომგებიანობის მარჟა - EBITDA Margin 50.9%-დან 55%-მდე გაიზარდა;
დღეისათვის კომპანიის სასესხო ვალდებულებები შემოფარგლება 250 მილიონი აშშ დოლარით, რაც კომპანიის მიერ 2010 წლეს წარმატებით განთავსებული ევროობლიგაციებით არის წარმოდგენილი.
მიმდინარე შედეგებიდან და კომპანიის არსებული ფულადი სახსრების მოცულობიდან გამომდინარე, შპს საქართველოს რკინიგზა ვერ ხედავს დამატებითი სესხების საჭიროებას თავისი მიმდინარე საქმიანობისთვის და ორი სტრატეგიული პროექტის (თბილისის შემოვლითი რკინიგზა და მოდერნიზაცია - სწრაფი რკინიგზა) დასრულებისათვის. |